in ,

მომწონს ეჰ ისე რა

ერთი კეთილი ისტორია

აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფისკენ გადავუხვიე. ისე მოხდა, რომ ბეწვისქუდიან მამაკაცს გავუსწორდი. თითქოს, ერთნაირი ნაბიჯით მივიწევდით სადგურის მოედნისკენ და თითქმის, ერთდროულად დავინახეთ ცელოფნის პარკში, უფრო სწორად, ფაილს რომ უწოდებენ, მასში გახვეული ფულის შეკვრა. გვერდით მყოფმა სწრაფად მიმოიხედა და ხელი ისე უცებ დაავლო, როგორც ქორი წიწილას.

საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიდო, ჩუუ, ნახევარს მოგცემო და ნინოშვილის ქუჩისკენ შეუხვია.

პირი დავაღე. ვერც ვიაზრე, რომ შემეჩერებინა. ამასობაში შევამჩნიე ოციოდე მეტრით წინ მყოფი რუხლაბადიანი მამაკაცი როგორ ელდანაკრავივით მოტრიალდა და გულისა და შარვლის ჯიბეებზე ხელის ფათურით ჩემსკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა. ვიდრე მომიახლოვდებოდა, ბეწვისქუდიანი შეამჩნია და დაუძახა. იმასაც ნაპოვნი ფულის ჯიბეში ჩადება ვერ მოესწრო და იძულებული გახდა, პატრონისთვის წინააღმდეგობის გარეშე გადაეცა.

– მადლობა ღმერთს! შვილის სამკურნალო ფული შევაგროვე და რომ დამეკარგა, ვერ გადავიტანდი. – ორივეს გასაგონად თქვა შუა ხნის ასაკის კაცმა.

მერე ბეწვისქუდიანს მიუტრიალდა: არ გამტყუნებთ. დიდი მადლობა, რომ სწორედ თქვენ იპოვნეთ და თანაც, საჭირო დროს. შეკვრიდან ასლარიანი ამოიღო და გაუწოდა:

– საჩუქრად აიღეთ.

– ამ ფულს ვერ ავიღებ. – უთხრა მპოვნელმა

– ვიცი, ყველაფერი ადამიანურია. არ ვარ გაბრაზებული.
მიუგო ფულგაწვდილმა და მას დიდი ხნის უნახავივით თბილად გადაეხვია, აი, ისე, როგორც დიდი ხნის უნახავი, თან მხარბეჭზე ხელი მეგობრულად მოუტყაპუნა.

ვუყურებდი მათ და ნიკაპამდე მოღწეულ მომლაშო ცრემლებს მაჯით ვიწმენდდი.

ავტორი: გოგა ჩანადირი

სურათი: ლელა ტაბლიაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

25 კომედია იდეალური არდადეგებისთვის

20 სატირული ილუსტრაცია, რომელიც ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას ტექნოლოგიებზე